თელავში სტუდენტებმა აქცია გამართეს

თელავში სტუდენტებმა აქცია გამართეს

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიქიით დაზარალებული სტუდენტები სწავლის საფასურის დაფარვას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ მოთხოვნით ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტმა საპროტესტო აქცია გამართა. 

აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიმართავენ და სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალდებულების შესრულებას ითხოვენ. სტუდენტების პრეტენზიებს იზიარებენ თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. რექტორის მოადგილის დავით მახაშვილის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს შუამდგომლობით, რომელიც სტიქიით დაზარალებული სტუდენტების სწავლის გადასახადის დაფარვას ითვალისწინებს.

თელავის უნივერსიტეტში სტიქიით დაზარალებული 100 ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და მათი სწავლის საფასური ყოველწლიურად 2 200 ლარს შეადგენს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტუდენტები მასობრივი საპროტესტო აქიების გამართვას გეგმავენ.