საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ვანო მერაბიშვილთან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდეს.
"გირგვლიანის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება, იკვეთება ბევრი სიახლე და ჩანს, რომ რეალურად ეს არ არის ერთი საქმე. ეს არის მრავალი ეპიზოდისგან და საქმისგან შემდგარი დიდი დოსიე, სადაც არაერთი კანონდარღვევა და სხვადასხვა სახელმწიფო პირისგან უპასუხისმგებლო ქმედება შეიძლება დაფიქსირდეს. მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი, მაგრამ თუ რა ხარისხით მონაწილეობდა ის გირგვლიანის საქმის გამოძიების არასწორად წარმართვის თემაზე, ან სხვადასხვა მოქმედი პირისთვის ხელის დაფარების საქმეში, მე როგორც იუსტიციის მინისტრი, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ და დაველოდები პროცესების განვითარებას, ვიდრე პროკურატურა საბოლოო დასკვნას არ გააკეთებს. ამასთან, საინტერესოა ისიც, როდის გაიგო მან იმის შესახებ, რა მოხდა სასაფლაოზე და როგორც ერთ-ერთმა პირველმა სამართალდამცველმა, ვინაიდან ის მაშინ იყო შს მინისტრის პოზიციაზე, რა მოიმოქმედა, რომ საქმის ეფექტურად გამოძიება მომხდარიყო. ეს არის მხოლოდ მოკლე შეკითხვები, რომელიც მის მიმართ გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს და ალბათ, პროკურატურის მხრიდან ეს შეკითხვები იქნება დასმული", - განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
ამასთან, 19 აპრილს რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.
"საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შეიკრიბოს ქუჩაში და გამართოს მშვიდობიანი აქცია. ჩვენი, ზოგადად მთავრობის მოვალეობაა აქციამ ჩაიაროს მშვიდობიანად და პროტესტის გამომთქმელ ადამიანებს მიეცეს საშუალება ბოლომდე თქვან სათქმელი. იმედია, სამართალდამცველები ცხრამეტში იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, მე კი ყურადღებით მოვისმენ მათ მოთხოვნებს", - აღნიშნა წულუკიანმა.