პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ადვოკატებს უფლებები ეზრდებათ

პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ადვოკატებს უფლებები ეზრდებათ

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც პროცესებში მონაწილე ადვოკატებს უფლებები ეზრდებათ, პარლამენტს უკვე წარედგინა. 

ამ მიმართულებით ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მთელ რიგ მუხლებში შედის.

საპროცესო კოდექსი დღეს ადვოკატს უფლებას ანიჭებს, გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამ ჩამონათვალს გამოკითხვის ოქმებიც ემატება და პროექტის თანახმად, უზრუნველყოფილია ადვოკატის უფლება, მეორე მხარისგან გამოკითხვის ოქმები მიიღოს.

კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ადვოკატი იმ უფლებებით ვერ ისარგებლებს, რომლებითაც, თვით ამ უფლებათა ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" ცალსახად განისაზღვრება, რომ ადვოკატს უფლება აქვს ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

ამასთან, ფართოვდება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საჩივრის შემტანი სუბიექტების წრე და საჩივრის შეტანის უფლება, მსჯავრდებულთან ერთად, მის ადვოკატსაც ეძლევა. სადღეისოდ კი, ზედა ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლება ადვოკატს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" პროექტით, დაცვის ქვეშ მყოფისგან ფორმალური დასტური დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად აღარ იქნება სავალდებულო ადვოკატისთვის.