ალექსანდრე ბარამიძე - ვენეციის კომისიის პროექტი ასახავს იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის ძირითად პრინციპებს

ალექსანდრე ბარამიძე - ვენეციის კომისიის პროექტი ასახავს იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის ძირითად პრინციპებს

ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი მთლიანობაში ძალიან დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ძირითად პრინციპებს , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრიეს მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა. 

ბარამიძე, რომელიც ვენეციაში იმყოფება, იმედოვნებს, რომ დასკვნის პროექტი არსებული სახით დამტკიცდება.

"დასკვნაში დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ჰქონდეს უფლება, დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; ასევე დადებითად არის შეფასებული წინადადება, რომ პარლამენტმა არამოსამართლე წევრები თავისი შემადგენლობიდან კი არ აირჩიოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან; რომ მოსამართლე წევრები აირჩიონ ფარული კენჭისყრით და მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ,

როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მთლიანობაში ასევე მხარდაჭერილია სასამართლო დარბაზებში ტელეკამერების შეტანის შესაძლებლობაც, თუმცა დასკვნის ავტორებს გარკვეული, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვთ რამდენიმე წესის მიმართ", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევას მათ ადგილზე, ვინც არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მეშვეობით აირჩიეს.

"ეს ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის, რასაც ქართული საზოგადოება ასე მოელის", - აღნიშნა ბარამიძემ.