იუსტიციის სამინისტრო - ვენეციის კომისიამ

იუსტიციის სამინისტრო - ვენეციის კომისიამ "სასამართლოების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეაფასა

ვენეციის კომისიამ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეაფასა. 

როგროც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებების დიდი უმრავლესობა არის მისასალმებელი, პროგრესული და ემსახურება მოქმედი კანონის ნაკლოვანებების გამოსწორების მიზანს. მოქმედი კანონის ზოგიერთი დებულების მიმართ კი, გამოთქმულია მოსაზრება, რომ საეჭვოა მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

"ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კანონის გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მანამდე არჩეული იუსტიციის უმაღლესი სამჭოს წევრების მანდატის განახლების საკითხი. ამგვარი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ არადემოკრატიული წესით არჩეული შემადგენლობა უნდა დაექვემდებაროს ახალ, დემოკრატიულ არჩევნებზე დაფუძნებულ წესებს. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა",-ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.