სოსო რობაქიძე:   კახა აზარიაშვილს იარაღის ქონა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს

სოსო რობაქიძე: კახა აზარიაშვილს იარაღის ქონა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, კახა აზარიაშვილს იარაღის ქონა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს. 

აღნიშნული განცხადება სოსო რობაქიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, გუშინ შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა აზარიაშვილს უღიარებია - მას "მაკაროვის" სისტემის იარაღი ჰქონდა.

"2006 წელს ეს ბავშვი პოლიციამ სულ სხვა რამეზე დაიჭირა. მის დაკავებაში დიდი წვლილი ღვიანიაშვილსა და დონაძეს მიუძღვით. ის სცემეს და აწამეს. მას უთხრეს, რომ უნდა ეღიარებინა, თითქოს 2004 წელს იარაღი ჰქონდა. ამასთან, მამამისს დაულუქეს ავტომაღაზია დიდუბეში და მთელი ოჯახი ჰყავდათ წნეხის ქვეშ. ამ ბავშვმა მოიფიქრა და მაშინ თქვა, თითქოს "მაკაროვის" სისტემის იარაღი ჰქონდა ჯიბეში და ვერ უნახეს. ამგვარი ტიპის იარაღი კი, საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს. ამ ბავშვმა მაშინ ცოტა იეშმაკა, რათა თავი გადაერჩინა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

სოსო რობაქიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტით გურამ დონაძის კიდევ ერთი ახალი დანაშაული მტკიცდება. მისივე თქმით, ამის შესახებ პროკურატურა უკვე საქმის კურსშია და საგამოძიებო ორგანოები დაიწყებენ გამოძიებას, რა და როგორ მოხდა 2006 წელს.

ასევე, სოსო რობაქიძე გამოეხმაურა გურამ დონაძის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეოფირს ექსპერტიზა ინგლისში ჩაუტარდეს.

"დონაძემ ეს ვიდეოფირი ინგლისში გააყალბა და იმედი აქვს, რომ იქიდან დადებით პასუხს მიიღებს. აღნიშნული ვიდეოფირი ექსპერტიზისთვის 3 ქვეყანაშია გაგზავნილი და იქაც უტარდება ექსპერტიზა", - განაცადა რობაქიძემ.