გიგი უგულავა თომას ჰამარბერგს შეხვდა

გიგი უგულავა თომას ჰამარბერგს შეხვდა

თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირის მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა. 

როგორც დედაქალაქის მერის "ფეისბუქის" ვებგვერდზეა აღნიშნული შეხვედრაზე გიგი უგულავამ და თომას ჰამარბერგმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრეს.

თომას ჰამარბერგის ვიზიტის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაცნობა და რეკომენდაციების შემუშავებაა. აღნიშნული მისიის ფარგლებში შეხვედრები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"მნიშვნელოვანია თომასს ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს თვითმმართველობებს. დაახლოებით ორმოცდაათზე მეტ თვითმმართველობაში პირდაპირი წესით მოხდა ეგზეკუცია, ჩანაცვლება, ხალხის ძალადობრივი გადაბირება და გამგებლების შეცვლა. ანალოგიური პროცესი სამწუხაროდ თბილისის საკრებულოშიც მიმდინარეობს. პრაქტიკულად არ დარჩა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც რამდენჯერმე არ იყო დაკითხვაზე დაბარებული. ზეწოლა ხორციელდება ყველა მიმართულებით. მინდა ავღნიშნო, რომ თუ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათგანზე გავცეთ პასუხი, მაგრამ ბუნებრივია ის ფორმა რა ფორმითაც ეს ყველაფერი ხორციელდება ბადებს ეჭვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რეპრესიები, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე სუბიექტების მიმართ", - აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ყოველდღე დაკითხვაზე სიარული სასიხარულო არ არის, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯს ლახავს.

"ბუნებრივია ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ მოვძებნოთ ის საერთო, რომლითაც თანაარსებობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებს შორის იქნება ცივილიზებული და ნორმალური. და ამ კუთხით მე ჩემი მოსაზრებები გავუზიარე თომას ჰამარბერგს, რაც ვფიქრობ საბოლოო ჯამში მისი საქართველოში ოთხთვიანი მოღვაწეობის შედეგებზე აისახება", - აცხადებს უგულავა.
"ჩემი მანდატი საქართველოში ოთხთვიან პერიოდს მოიცავს. მანდატი ითვალისწინებს დახმარებას ტრანზიციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე მუშაობას. ამ მიზნით კონსულტაციებს ვაწარმოებ საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებთან და, რა თქმა უნდა, მთავრობასა და ოპოზიციასთან. ახლა შევხვდი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის მერს. განვიხილეთ კოჰაბიტაციის საკითხი და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას, ქალაქისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რათა დღის წესრიგში არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით მოგვარდეს", - აცხადებს თომას ჰამერბერგი.