ლაშა ტუღუში:  იმედია, პარლამენტი

ლაშა ტუღუში: იმედია, პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ"კანონპროექტს პირველი მოსმენით მარტში მიიღებს

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მარტში მიიღებს. 

მისი თქმით, გუშინ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის ბიუროსთვის წარდგენას.

ლაშა ტუღუშს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო აქტუალური იყო კანონპროექტის განხილვა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც საზოგადოებრივ მაუწყებელშია შექმნილი.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება ბევრს რამეს შეცვლის, მათ შორის ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არხი მაქსიმალურად დაზღვეული იქნება იმ პრობლემებისგან, რომლებიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს.

"ჩვენ უფრო დემოკრატიულ ინსტიტუტს ვთავაზობთ ბორდის სახით, დაკომპლექტების თვალსაზრისით, რის შემდეგაც, მუშაობის დროს ისინი უფრო ახლოს იქნებიან საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ საბჭოებთან და ასევე მოქალაქეებთან, რომლებსაც ექნებათ უფლება, ბორდთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ. ისინი დაესწრებიან სხდომებს, დასვამენ კითხვებს და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრებას, რომ კანონპროექტის პარლამენტში შეტანის დრო საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული კონფლიქტის ფონზე ყველაფერს ყოფილი გენერალური დირექტორის სასარგებლოდ წყვეტს, ტუღუშის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში დეკემბერში შეიტანეს და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ საბჭო გიორგი ბარათაშვილს გენერალურ დირექტორად აირჩევდა და მარტში გადააყენებდა.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიცირების თაობაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გუშინ იმსჯელეს. საკითხის განხილვაში კანონპროექტზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.