პაატა ზაქარეიშვილი:  სააკაშვილს და მერაბიშვილს აქვთ უნიკალური შანსი, მისცენ აღიარებითი ჩვენება

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილს და მერაბიშვილს აქვთ უნიკალური შანსი, მისცენ აღიარებითი ჩვენება

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, თუ რატომ სურს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ის უნდობლობას არ უცხადებს 2008 წლის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დავითაიას კომისიას და აცხადებს, რომ ამ კომისიას დავალება ჰქონდა რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამოძიება.

"სწორიც იყო. აგრესია ფაქტია, ცალსახაა და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ვერ უავრყოფთ. თუმცა, სამწუხაროდ, დავითაიას კომისიას ჰქონდა სხვა ფარული ამოცანა, რომ მინიმუმზე დაეყვანა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა. გაიხსენეთ ცნობილი ფაქტი აღნიშნული კომისიის სხდომაზე, როდესაც ეროსი კიწმარიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მთავრობის ესა თუ ის ქცევა და პირდაპირ მიიღო კალმისტარი გივი თარგამაძისგან. აშკარად ჩანდა, რომ თარგამაძის ნერვიულობამ გაყიდა ხელისუფლების წარმომადგენლები", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ისვენებენ და მუდმივად ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ახალი მთავრობა პრორუსულია.

"რაკი მე და ჩემს მთავრობას მაბრალებ პრორუსულობას, მაშინ მითხარი სააკაშვილო - შენ რომ ამბობდი 2007 წლის დეკემბერში, რომ რუსეთს შენთან წამოცდა - ცხინვალი არ მაინტერესებსო, შენ რომ ამბობ მერაბიშვილო - 2007 წლის მაისში, რომ შენ გაქვს უტყუარი ინფორმაცია გენერალ კომოგოროვისგან, რომ ცხინვალი არ აინტერესებთ. დიდი ბოდიში, რაკი გამჩენი არ გასვენებთ, მაშინ, მოდი ვილაპარაკოთ თქვენს პრორუსულობაზე. გმართავდათ თუ არა თქვენ რუსეთი, როგორც მარიონეტებს, რომელსაც უნდოდა კარგად, ეფექტურად გაეფორმებინა თავის შემოსვლა საქართველოში. ამიტომ, ბოდიში ამ სიტყვაზე - გაბოლებდათ, გარწმუნებდათ, რომ თითქოს მას არ აინტერესებს ცხინვალი და თუ როგორ არ აინტერესებს, ეს ყველამ კარგად დავინახეთ 2008 წლის აგვისტოში. კითხვები არსებობს, რამდენად იყვნენ ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ოპერაციაში. თუ მართლა ასე ხდებოდა, სააკაშვილს და მერაბიშვილს აქვთ უნიკალური შანსი, მისცენ აღიარებითი ჩვენება და აღიარიონ, რომ ისინი იყვნენ ჩართული რუსეთის ოკუპაციის მომზადებაში. ამის მერე, რა თქმა უნდა ისინი ჩაირეცხებიან, როგორც პოლიტიკოსები, მაგრამ ქართველი ხალხი გაუგებს საბოლოო ჯამში და არსებობს ამნისტიაც", - დასძინა ზაქარეიშვილმა