სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი მოშიმშილე ექიმების გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი მოშიმშილე ექიმების გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი კახა ჩიხრაძე მოშიმშილე ექიმების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს. 

როგორც ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოშიმშილე ექიმებიდან ორს ხელშეკრულება შეუწყდა, ერთი მათგანი სადისპეტჩეროში შეიჭრა, რამაც სადისპეტჩეროს მუშაობის შეფერხება გამოიწვია, ერთი ექიმის ხელშეკრულებას კი ვადა გაუვიდა და ცენტრმა მასთან მუშაობა აღარ გააგრძელა.

"მინდა, რომ დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს ჩვეულებრივად თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ რომ აღდგენილნი იყვნენ, რა თქმა უნდა აღდგებიან და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არის საჭირო მათი სამსახურში აღდგენა არ აღდგებიან", - განაცხადა ჩიხრაძემ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეზოში სასწრაფოს ოთხი ექიმი შიმშილობს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მოშიმშილე ექიმმა ციცი კაშიამ განმარტა, გუშინ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა ჩიხრაძემ ოთხი ექიმი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ისინი აპროტესტებენ. ექიმები სამსახურიდან დათხოვნას მათი მხრიდან ჩიხრაძის კრიტიკას უკავშირებენ.

"ერთი თვის მანძილზე ჩვენ სასწრაფოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კახა ჩიხრაძეს ვედავებოდით, ვამახვილებდით ყურადღებას მის არასწორ მენეჯმენტზე და არასწორ ჰოსპიტალიზაციაზე მივუთითებდით. სწორედ ამის გამო გაგვათავისუფლა მან სამსახურიდან", - აღნიშნა ციცი კაშიამ.

მისივე თქმით, ცენტრის დირექტორს კადრებში ძალოვანი სტრუქტურებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ჰყავს დასაქმებულები, რომლებიც ექიმებს აკონტროლებენ. ამასთან კაშიას ინფორმაციით კახა ჩიხრაძეს კერძო ბიზნესი გააჩნია და იგი რეფერალური დახმარების ცენტრის დირექტორიცაა. მისივე მტკიცებით, ჩიხრაძეს თბილსისი მერია და უშუალოდ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა მფარველობს.

მოშიმშილე ექიმები სამსახურში აღდგენას და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დათხოვას მოითხოვენ.