ზურაბ ჯაფარიძე:  გიგა ჩრდილელი არის ადამიანი, რომელიც პრემიერმა ”ნაცმოძრაობის

ზურაბ ჯაფარიძე: გიგა ჩრდილელი არის ადამიანი, რომელიც პრემიერმა ”ნაცმოძრაობის" აგენტად მოიხსენია

გიგა ჩრდილელი არის ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავის პირველ წერილში "ნაციონალური მოძრაობის" აგენტად მოიხსენია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, უჭირს კომენტარის გაკეთება, თუ რატომ დაინიშნა ჩრდილელი "თბილავიამშენის" აღმასრულებელ დირექტორად.

"გიგა ჩრდილელი არის ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავის პირველ წერილში მოიხსენია. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩრდილელი არის "ნაციონალური მოძრაობის" აგენტი და წაიყვანეთ და თქვენთვის მოიხმარეთ, კარგი ფინანსისტიაო. რატომ დაინიშნა ის ამ კომპანიის ხელმძღვანელად, ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. აღნიშნულთან დაკავშირებით უმჯობესი იქნება, თუ პრემიერ-მინისტრს ჰკითხავთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შპს "თბილავიამშენის" აღმასრულებელ დირექტორად "ქართუ ჯგუფის" ყოფილი პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად ჩრდილელმა დაუდასტურა. მისი განმარტებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას ერთი კვირის წინ შეუდგა.

"მე გავხდი "თბილავიამშენის" აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა ეს არ ნიშნავს პირველ პირობას. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქციები და ამოცანები, თუმცა მისი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა ჩრდილელმა.

ამასთან, გიგა ჩრდილელმა არ დააკონკრეტა, თუ ვისი რეკომენდაციით დაინიშნა თანამდებობაზე.