ფინანსური შემოწირულობის საფუძველზე პრობაციონერის 9 წლის შვილს ოპერაცია ჩაუტარდა

ფინანსური შემოწირულობის საფუძველზე პრობაციონერის 9 წლის შვილს ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლების ინიციატივით, ფინანსური შემოწირულობის საფუძველზე , პრობაციონერის 9 წლის შვილს ოპერაცია ჩაუტარდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება პრობაციონერ ხ.თ-ს 9 წლის შვილს, რომელსაც დაბადების დღიდან ქონდა თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემები.

სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით, პრობაციონერს და მის შვილს, თავდაპირველად დახმარება გაეწიათ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების მიღებაში, რათა შესაძლებლობა ქონოდათ, მიეღოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შემდგომ არასრულწლოვანს ჩაუტარდა ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევები და ბოლო ეტაპზე ჩაუტარდა ურთულესი ქირურგიული ოპერაცია.

ამჟამად არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება მედ.პერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ, ყველანაირი შეზღუდის გარეშე შეძლებს ახალი ცხოვრების წესით ცხოვრებას.

აღსანიშნავია, რომ უსახსრობის გამო, ბავშვის დაბადებიდან 9 წლის განმავლობაში პაციენტის მშობლებს ექიმის კონსულტაციის შესაძლებლობაც კი არ ქონიათ. დღეის მდგომარეობით მარტოხელა დედა ოთხ შვილთან ერთად ფონიჭალის დასახლებაში მატარებლის ვაგონში ცხოვრობს.

მნიშვნელოვანია, რომ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, უახლოეს მომავალში პაციენტის დედა გათავისუფლდება პირობითი მსჯავრისაგან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ მოინახულეს პაციენტი და მიულოცეს მას დაბადების დღე. ამასთანავე 8 მარტი მიულოცეს არასრულწლოვანის პრობაციონერ დედას.