პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესასწავლად საგამოძოებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესასწავლად საგამოძოებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირა

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებით საგამოძოებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს პარლამენტმა მხარი დაუჭირა . დადგენილების პროექტი 75 ხმით, 1-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმართა. ამის შემდეგ რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიის დაკომპლექტება მოხდება. კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 21 თებერვლის სხდომას უკავშირდება, სადაც შპს-ების "ახალი ქსელების", "ახტელისა" და "სისტემ ნეტის" გენერალური დირექტორების განცხადება განიხილეს, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრების მხრიდან რიგ დარღვევებს ეხებოდა. კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე, დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევებზეც საუბრობს.

პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნება, ხოლო მისი შემადგენლობა 12 დეპუტატით განისაზღვრება.