კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესასწავლად საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს უმცირესობაც დაუჭერს

კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესასწავლად საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს უმცირესობაც დაუჭერს

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებით საგამოძოებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს უმცირესობაც დაუჭერს და კომისიის მუშაობაშიც ჩაერთვება. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რაკი მარეგულირებელი კომისიის მისამართით კონკრეტული ბრალდებები და კითხვები გაჩნდა, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი პარლამენტმა შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნა მოამზადოს. ამ კონტექსტში დეპუტატმა ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიცია წარმომადგენლობითია.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმართა, რომლის მიერ ინიცირებული შესაბამისი დადგენილების პროექტი ცოტა ხანში კენჭისყრაზე დადგება. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, გაგრძელდება პროცედურა, რომელიც რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიის დაკომპლექტებას ითვალისწინებს. კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 21 თებერვალის სხდომას უკავშირდება, სადაც შპს-ების "ახალი ქსელების", "ახტელისა" და "სისტემ ნეტის" გენერალური დირექტორების განცხადება განიხილეს, რომელიც მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან რიგ დარღვევებს ეხებოდა.

კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევებზეც საუბრობს.

პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნება, ხოლო მისი შემადგენლობა 12 დეპუტატით განისაზღვრება.