რიჩარდ ნორლანდი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

რიჩარდ ნორლანდი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მშვიდობის კორპუსის 42 მოხალისის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრნენ. 

როგორც აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა საქართველოში ორწლიანი მოღვაწეობა დაასრულეს და სამშობლოში ბრუნდებიან.

"გარწმუნებთ, რომ ის სარგებელი, რომელიც მიიღო საქართველომ მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა საქმიანობით, არის ზუსტად იმ ხარისხის, რა ხარისხითაც ისინი საკუთარ სახლებში ბრუნდებიან - სავსე შთაბეჭდილებებით და მოგონებებით. ისინი იქნებიან საქართველოს ელჩები, რომლებიც ქართულ კულტურას მეგობრებს და ახლობლებს გააცნობენ. მშვიდობის კორპუსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც აშშ-ის მთავრობის ისტორიაში განხორციელებულა. ეს არის აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ვიმედოვნებ, ეს პროგრამა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხალისეები ნაწილდებიან საქართველოს რეგიონებში და ეძლევათ საშუალება, უკეთ გაეცნონ ამ ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას და ეს ცოდნა გაუზიარონ აშშ-ის მოქალაქეებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მოხალისეები საქართველოში ორწლიან მოღვაწეობას ზაფხულში დაასრულებენ. ეს მოხალისეთა მეთერთმეტე ჯგუფია, რომელმაც 2001 წელს დაწყებული პროგრამით საქართველოში იმსახურა. მოხალისეთა შორისაა ინგლისური ენის 27 მასწავლებელი, რომელიც ქართველ მასწავლებლებთან ერთად, საჯარო სკოლებში ასწავლის და 15 კონსულტანტი, რომელიც არასამთავრობო და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში მუშაობს. მოხალისეთა ეს ჯგუფი განაწილებულია კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. ჯგუფმა მუშაობა 2011 წლის 15 ივლისს დაიწყო.

ამჟამად საქართველოში მშვიდობის კორპუსის 84 მოხალისე იმყოფება. მათი ორი მესამედი განათლების პროგრამაშია ჩართული და ინგლისური ენის ადგილობრივ მასწავლებლებს მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაში, სასწავლო პროგრამის შემუშავებაში, თანამედროვე სასწავლო მეთოდების დანერგვაში, არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ინგლისური ენის უკეთ შესწავლის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

საშუალო სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გარდა, მშვიდობის კორპუსი სოციალური მეწარმეობისა და საორგანიზაციო განვითარების პროგრამასაც ახორციელებს. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს მდგრად განვითარებაში, პროფესიული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებასა და თემისთვის აუცილებელი ინიციატივების განსაზღვრაში. პროგრამის ბევრი მონაწილე თავისი კოლეგებისა და თემის წევრებისთვის ინგლისური ენის არაფორმალურ კურსებს ატარებს.

საქართველოში ხორციელდება მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა, რომელშიც გამოცდილი მოხალისეები არიან ჩართულნი. ისინი მონაწილეობენ მასწავლებელთა ტრენინგებში, აგრეთვე ტურიზმისა და გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო გეგმის ჩამოყალიბებაში.

2001 წლიდან დღემდე, საქართველოში მშვიდობის კორპუსის 481 მოხალისემ იმსახურა და ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოხალისეებმა ქართველებს გააცნეს ამერიკული კულტურა, თვითონ კი ქართულ კულტურას ეზიარნენ. მშვიდობის კორპუსი აშშ–ს მთავრობის სააგენტოა, რომელიც პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის განსამტკიცებლად.