"პოლიტიკური თავისუფლების დაცვის ცენტრი" პრემიერის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრას ეხმაურება

"პოლიტიკური თავისუფლების დაცვის ცენტრი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ განცხადებაში ცენტრის თავმჯდომარე, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აღნიშნავს, მისასალმებელია ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხელი შეუწყოს სასამართლოს, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის "არა შოკური თერაპიის გზით ცვლილებებს, არამედ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით რეაბილიტაციას".

"პოლიტიკური თავისუფლების დაცვის ცენტრის" განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროდ, ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი თვითონ აღიარებს, რომ ნაციონალური ხელისუფლების მმართველობისას სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იყო და მისგან გათავისუფლება ვერ მოახერხა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სისტემა, რომელმაც ხელისუფლების ყველა შტოს მონოპოლიზაცია მოახდინა, არ დაუშვებდა მისი კონტროლის მიღმა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებას. მეტიც, სწორედ ამ სასამართლოს პასუხისმგებლობაა ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების არსებობა. ათასობით ღირსებაშელახული ჩვენი მოქალაქე, მათთვის წართმეული ბიზნესი და მილიონობით მიყენებული ზიანი. ეს უტყუარი, ტრაგიკული ფაქტებია და მათ ვერსად გავექცევით.

მიუხედავად ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო მშენებლობის პროცესში მართლმსაჯულებას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია, სადაც უხეშად ხელის ფათური საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ კონტექსტში, მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, ხელი შეუწყოს სასამართლოს, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის არა შოკური თერაპიის გზით ცვლილებებს, არამედ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით რეაბილიტაციას.

ამიტომაც, მოთმინებით და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მიმდინარე პროცესებს და იმედი ვიქონიოთ, რომ პრემიერის კეთილგონიერება, ადეკვატურად იქნება აღქმული, როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ და გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველ შედეგებს მოიტანს", - ნათქვამია "პოლიტიკური თავისუფლების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარის ამირან გიგუაშვილის განცხადებაში.