სახალხო დამცველი პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

სახალხო დამცველი პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

სახალხო დამცველი პარლამენტში განსახილველად წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. 

"ინტერპრესნიუსი" ომბუდსმენის დასკვნას უცვლელად გთავაზობთ, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში, "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში, "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ" საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება.

"ცვლილებები ძირითადად შეეხება საქართველოს უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევის წესს, საბჭოს წევრებისათვის თანამდებობრივი შეუთავსებლობის და, ასევე, სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, "ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, უწყდებათ უფლებამოსილება.". მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47–ე მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრებისა,

რომლებიც თანამდებობრივად შედიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა, უფლებამოსილების ვადაა 4 წელი." ამრიგად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება იწვევს თავმჯდომარის გარდა, საბჭოს ყველა წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

ვინაიდან, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს და უპირველეს გარანტს, მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებელია საქართველოს სახალხო დამცველის განმარტება, რომელსაც წარმოგიდგენთ წინამდებარე დასკვნის სახით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მიგვაჩნია, რომ ამ ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისათვის, ერთ–ერთი გადამწყვეტია საბჭოს ფორმირების წესი. კერძოდ, თუ რამდენად უზრუნველყოფს იგი საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობას, არა მხოლოდ ხელისუფლების სხვა შტოებისაგან, არამედ, აგრეთვე, სასამართლოს შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისაგან (კერძოდ, მისი ხელმძღვანელი ინსტიტუტებისაგან დამოუკიდებლობას).

ჩვენი აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოქმედი წესი არ შეესაბამება იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბჭოს შემადგენლობა, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე. დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭო, შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 4 წევრი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს, რომლებიც, ამავე დროს, არიან პარლამენტის მოქმედი წევრები (მაშასადამე, მოქმედი პოლიტიკოსები, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც, შესაძლებელია არ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანშეწონილობისაგან), ერთ ე.წ. ეხ ოფფიციო წევრს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საბჭოს დანარჩენი 8 მოსამართლე წევრი აირჩევა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის (მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს) მიერ. აქ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსამართლეთა კონფერენციის წევრები, შესაბამისი არჩევანის გაკეთებისას, შეზღუდულნი არიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული კანდიდატებით. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გააჩნია ექსკლუზიური უფლება, მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასარჩევ წევრთა კანდიდატურები. ამასთან, შესაბამისი კენჭისყრა არის ღია.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, გამოსწორდება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება დანიშნოს საბჭოს 2 წევრი. აღნიშნული ორი წევრის არჩევის უფლება გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის წევრებს აღარ ექნებათ უფლება იყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო მათ მიერ არჩეული კანდიდატებისათვის კი, გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უფრო მეტად უზრუნველყოფენ მათ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

გარდა ამისა, უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილება, წარადგინოს საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურები და ეს უფლება ენიჭება, მოსამართლეთა კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს. ამასთან, კანონპროექტი გამორიცხავს საბჭოს წევრის არჩევას მეორე ვადით. მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი საბჭოს მოსამართლე წევრთა დიდი ნაწილი ხელმეორედ არის არჩეული საბჭოში.

კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები, ამავე დროს, დაუშვებელია, იყვნენ საერთო სასამართლოებში სახელმძღვანელო თანამდებობებზე (სასამართლოს, კოლეგიის და ა.შ. თავმჯდომარეები). მოქმედი მოსამართლე წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, ამჟამად, ახორციელებენ სასამართლოს სახელმძღვანელო უფლებამოსილებებს.

ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს წარმოდგენილ ცვლილებებს, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან, დადებითად იქნება მოწესრიგებული.

რაც შეეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს. კერძოდ, ერთი მხრივ, საბჭოს მოქმედი არამოსამართლე წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, კი საბჭოს მოსამართლე წევრების საკითხი.

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების უფლებამოსილების ვადა, არც მოქმედი კანონმდებლობით არის გარანტირებული. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს, ნებისმიერ დროს, გააჩნია უფლება გაათავისუფლოს მის მიერ დანიშნული წევრები. რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, მათი საბჭოს წევრობა და უფლებამოსილების ვადა, პირდაპირ არის დამოკიდებული მათ საპარლამენტო და სადეპუტატო სტატუსთან (კომიტეტის თავმჯდომარეობასთან, ასევე, უმრავლესობის და უმცირესობის წევრობა და ა.შ.). გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში მოქმედი პოლიტიკოსების ყოფნა არ არის მიზანშეწონილი, ამ ინსტიტუტის განსაკუთრებული ფუნქციებიდან გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილი კანონპროექტით, არ მოდის წინააღმდეგობაში სამართლის უზენაესობის პრინციპთან და შესაბამისად, არ იწვევს საბჭოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. პირიქით, კანონპროექტით გათვალისწინებულია საბჭოს არამოსამართლე წევრთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის უფრო მაღალი მოთხოვნები.

რაც შეეხება, მოსამართლე წევრებს. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული ის გარემოება, თუ რამდენად სამართლიანი და დემოკრატიული იყო საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცედურა და რამდენად უზრუნველყოფდა იგი მათ დამოუკიდებლობას, მათ შორის, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ინსტიტუტის მომავალი ზეგავლენისაგან.

იმისათვის, რომ სრულყოფილი წარმოდგენა შეგვექმნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ არსებული, როგორც მოქმედი, ისე კანონპროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ასევე ის პოლიტიკური კონტექსტიც, რომელშიც მოქმედებენ, ან იმოქმედებენ ისინი. ვინაიდან საქართველო ამჟამად წარმოადგენს ე.წ. "გარდამავალი" და არასრულად ლიბერალური დემოკრატიის სახელმწიფოს, რომელშიც ჯერ კიდევ ძლიერია ახალგაზრდა "ელექტორალური დემოკრატიებისათვის" დამახასიათებელი უარყოფითი ტენდენციები (განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მმართველი პოლიტიკური ძალისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მყარი ტრადიციები), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების არსებული საკანონმდებლო წესი, კვლავ ტოვებს ამ ორგანოს გაუმართლებელი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოქცევის საკმაო სივრცეს. იმ დროს, როდესაც, ზუსტად იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სხვა უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო და პოლიტიკურ მექანიზმებთან ერთად, უნდა წარმოადგენდეს, როგორც მთლიანად სასამართლო სისტემის, ისე ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მათი უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთ ძირითად გარანტს.

მხედველობაშია მისაღები ის პრობლემებიც, რომლებიც ტრადიციულად ახასიათებს საქართველოს მართლმსაჯულების პრაქტიკულ განხორციელებას და რომელთა თაობაზეც, არაერთხელ იქნა აღნიშნული როგორც საქართველოს სახალხო დამცველის, ისე, არა ერთი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნებში. ძირითადი ნაკლოვანებები, რომლებიც ახასიათებს საქართველოს სასამართლო სისტემას, გამოიხატება, ზუსტად, მოსამართლეთა არასრულ დამოუკიდებლობაში, გადაწყვეტილებათა არასაკმარისად დასაბუთებულობის პრობლემაში, ბრალდების მხრიდან, სასამართლოზე გაუმართლებელი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობაში და ა.შ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თითქმის ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს საერთო სასამართლოების მხრიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არ შესულა არც ერთი კონსტიტუციური წარდგინება. ეს მექანიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ ქმედით საშუალებას იმისათვის, რომ მართლმსაჯულების პროცესში უზრუნველყოფილი იქნეს სამართლის უზენაესობა. საერთო სასამართლოების მხრიდან კონსტიტუციური წარდგინებების ინსტიტუტის გამოუყენებლობა, გარკვეულ წილად, გამოწვეულია შესაბამისი სამოსამართლო აქტივიზმის და მოსამართლეთა სათანადო დამოუკიდებლობის არასაკმარისი დონით, რაც საბოლოო ჯამში ვნებს და ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის უმთავრეს ქმედით საშუალებას – მის ავტორიტეტს. ბოლო პერიოდის კვლევები ნათლად აჩვენებს, თუ როგორი დაბალი იყო გამამართლებელი განჩინებების რაოდენობა, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობათა დაკმაყოფილების შემთხვევები, ხოლო დაუკმაყოფილებლობის დროს კი, სასამართლოს უარის საკმარისი დასაბუთებულობა. ამ პრობლემებს გააჩნია კომპლექსური მიზეზები, რომელთაგან ერთ–ერთ მნიშვნელოვანს, ზუსტად, მოსამართლის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიის არ არსებობა წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს და, ამავე დროს, გამოხატულებას წარმოადგენდა, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი მექანიზმის გაუმართლებელი პოლიტიკური ზეგავლენისაგან არასაკმარისად დამოუკიდებლობა, რაც, მათ შორის, მის დაკომპლექტების წესში არსებული ნაკლოვანებებით არის გამოწვეული. იმ პირობებში, როდესაც კანონი უშვებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ერთი მხრივ, შეივსოს მოქმედი პოლიტიკოსებით – პარლამენტის წევრებით და პრეზიდენტის წარმომადგენლებით, რომლებიც არ სარგებლობენ დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიით, ხოლო, მეორე მხრივ კი, საბჭოს დანარჩენი წევრები წარდგენილი იქნენ საერთო სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ინსტიტუტის პირადი მიზანშეწონილობით, საუბარი საბჭოს, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ისე, სასამართლო სისტემის შიგნიდან მომდინარე გავლენისაგან სრულ დამოუკიდებლობაზე, ჩვენი აზრით შეუძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, უცვლელი რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ძირითადი პრინციპი, რომლის შესაბამისად, მისი წევრების უმეტესობას უნდა წარმოადგენდნენ მოსამართლეები, რომლებიც უშუალოდ აირჩევიან თავიანთი კოლეგების მიერ. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული პროცედურა, შეიძლება ითქვას, გაცილებით უფრო მეტად უზრუნველყოფს საბჭოში მოსამართლეთა რეალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, რომელიც არჩევის პროცესში აღარ იქნება შეზღუდული სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ინსტიტუტების ექსკლუზიური უფლებამოსილებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო ხელისუფლება საკმაოდ მგრძნობიარე ინსტიტუტია და მას არ გააჩნია პირდაპირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია და სხვა იმგვარი მექანიზმები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა, თავი დაეცვა ხელისუფლების სხვა შტოების ზემოქმედებისაგან. ამასთან, პრეცედენტის შექმნა, რომლითაც, ახლად არჩეული პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოქმედ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, სამომავლოდ, შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველიც იყოს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეეხება საბჭოს მხოლოდ იმ წევრებს, რომლებზეც, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ე.წ. თანამდებობრივი შეუთავსებლობა. ცვლილების ამგვარი ფორმით მიღება, შესაძლებელს გახდის თავიდან ავიცილოთ იმგვარი პრეცედენტის არსებობა, რომელიც ყველა მომავალ პარლამენტს შესაძლებლობას მისცემდა, მთლიანად დაეთხოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - აღნიშნულია ომბუდსმენის დასკვნაში.