დავით უსუფაშვილი:  უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ მაუწყებლობა ემსახურება ხალხს და არა - ჯგუფურ ინტერესებს

დავით უსუფაშვილი: უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ მაუწყებლობა ემსახურება ხალხს და არა - ჯგუფურ ინტერესებს

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ისე უნდა გათავისუფლდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლისა და გავლენისაგან, რომ ახალი ხელისუფლების გავლენის და კონტროლის ქვეშ არ მოექცეს". 

ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორებთან და საზოგადოებრივ მაუწყებელის წარმომადგენლეთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მათთან საუბრის მთავარ თემას აღნიშნული კანონპროექტი და I არხზე მიმდინარე პროცესები წარმოადგენდა.

"მიმდინარე პროცესებზე თავიანთი შეშფოთება გადმომცეს და მათ შეშფოთებას მეც ვუერთდები. ვთვლი, რომ ეს მოვლენები სწრაფად უნდა დასრულდეს და იმის განცდა უნდა გაჩნდეს, რომ მაუწყებლობა ემსახურება ხალხს და არა ჯგუფურ ინტერესებს. მათ მოვახსენე, რომ პარლამენტის ამოცანაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისე განთავისუფლდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლისა და გავლენისაგან, რომ ის არ მოექცეს ახალი ხელისუფლების გავლენისა და კონტროლის ქვეშ. გადამწყვეტი უნდა იყოს ჟურნალისტებისა და კოლექტივის აზრი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი მიიღებს ყველა შესაძლო და ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებულ ნორმებს, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახსრები, რომლითაც ტელევიზია ფინანსდება, გამჭირვალე იყოს.

"გადაწყვეტილებებს სინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები უნდა იღებდნენ, რომლებიც არ უყურებენ იმას, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში", – აღნიშნა უსუფაშვილმა.