"ნაციონალები" რეზოლუციის პროექტში იმ ორგანიზაციების დაკონკრეტებას ითხოვენ, რომლებშიც საქართველო არ უნდა გაერთიანდეს

"ნაციონალური მოძრაობის" კატეგორიული მოთხოვნაა, საგარეო კურსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში დაკონკრეტდეს ორგანიზაციები, რომელშიც საქართველო არ უნდა გაერთიანდეს. 

კერძოდ, მათი სურვილია რეზოლუციის პროექტში მკაფიოდ აისახოს, რომ საქართველო არასდროს გახდება დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების კავშირისა და ევრაზიული კავშირის ორგანიზაციების წევრი. როგორც ამასთან დაკავშირებით გია ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმცირესობამ უმრავლესობას სამი პრინციპული წინადადება შესთავაზა, აქედან ორი წინადადება არის გაზიარებული, თუმცა ერთი, რომელიც თავის მხრივ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების რეზოლუციაში დაფიქსირებას ეხება, გაზიარებული არ არის.

"თუკი ჩვენ რეზოლუციით ვამბობთ, რომ საქართველოს კურსი არის უცვლელი ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ და ქვეყანა არ გახდება ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომელიც აღნიშნულ კურსს ხელს შეუშლის, მაშინ გაუგებარია რატომ არ ხდება დაკონკრეტება და დასახელება ამ ორგანიზაციებისა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ბარამიძემ, რომელმაც ამ დროისთვის თავი შეიკავა ცალსახად ეპასუხა კითხვისთვის, მისცემს თუ არა ხმას რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრისას, თუ არა.