მმართველი გუნდი უმცირესობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის უქონლობაზე საუბრობს

მმართველი გუნდი უმცირესობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის უქონლობაზე საუბრობს

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე შემუშავებულ პროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი უმცირესობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის უქონლობაზე საუბრობს.

დეპუტატებმა ზვიად კვაჭანტირაძემ და გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დოკუმენტის შემუშავებასთან და მის შემდგომ განხილვასთან დაკავშირებული პერიპეტიები გააცნეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოლო წუთამდე, ბიუროს გადაწყვეტილებამდე პროცესში არ ჩაერთო.

"დოკუმენტის პირვანდელი ვერსია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 12 იანვარს შემუშავდა და ყველა საპარლამენტო ფრაქციას, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასაც" გადაეგზავნა შეფასებისა და კომენტარებისთვის. პროექტის ავტორთა მიზანს წარმოადგენდა ერთობლივი ანალიზის გაკეთება და შეჯერება შეთანხმების კონკრეტულ დებულებებზე, რის შედეგადაც მოხდებოდა ერთიან მიდგომებსა და ტექსტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერდა ყველა საპარლამენტო ფრაქცია. უმცირესობამ თავიდანვე დააფიქსირა საკუთარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ინიცირებული დოკუმენტის მიმართ, თუმცა მათ არ წარმოუდგენიათ საკუთარი წინადადებები, ცვლილებები ან შემოთავაზებები 6 მარტამდე - ზუსტად იმ დღემდე, როდესაც შეთანხმების პროექტი შეტანილი იყო პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, როგორც კენჭსაყრელი საკითხი" – ითქვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მათივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქციებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა უმცირესობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის არქონის გამო, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება და დოკუმენტის ინტერფრაქციული შეთანხმების ფორმა პარლამენტის რეზოლუციის ფორმით შეცვალა.

რეზოლუციის პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.