დიმიტრი შაშკინი პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას იხსნის

დიმიტრი შაშკინი პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას იხსნის

განათლების და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მისი მინისტრობის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას იხსნის. 

როგორც შაშკინმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, პედაგოგს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

"ჩემი მინისტრობის დროს იყო გათავისუფლებული პედაგოგები, მაგრამ რატომ უწყვეტდნენ მათ დირექტორები ხელშეკრულებას, ეს იყო დირექტორების და სამეურვეო საბჭოების გადასაწყეტი, რომლებიც მართავენ სკოლებს. თუ ვინმე დაიჯერებს, რომ 2 200 დირექტორი, შეიძლება ვინმემ ერთი კაბინეტიდან მართოს და მისცეს მათ დავალებები, ეს არის აბსურდი", - აღნიშნა შაშკინმა.

მისივე შეფასებით, ნონსენსია იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკური მოტივით ათასობით პედაგოგი გათავისუფლდა.

"ბუნებრივია, ყველა გათავისუფლებული მასწავლებელი, რომელსაც სკოლაში დაბრუნება უნდა, ახლა იტყვის, რომ მისი გაშვება პოლიტიკური მოტივით მოხდა, მაგრამ ათასობით პედაგოგის ამ მოტივით გათავისუფლება ეს ნონსენსია", - განმარტა ყოფილმა მინისტრმა.