დავით უსუფაშვილი:  მმართველ კოალიციას აქვს საარჩევნო საკითხებზე პროგრესის პოლიტიკური ნება

დავით უსუფაშვილი: მმართველ კოალიციას აქვს საარჩევნო საკითხებზე პროგრესის პოლიტიკური ნება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციას აქვს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პროგრესის პოლიტიკური ნება. 

აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა ინტერფრაქციული ჯგუფის პირველ სხდომაზე გააკეთა, რომელიც თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.

დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი შეიმუშავებს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების წყარო იქნება მოსახლეობა.

"ის, რაშიც ბოლო 22 წლის განმავლობაში დავოსტატდით, არის საარჩევნო საკითხები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი და რა არა. ჯგუფის ამოცანა მარტივია, რომ რაც არის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კარგი და ქვეყნისათვის სასარგებლო, თავი მოვუყაროთ და საკანონმდებლო ბაზად ვაქციოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ინტერფრაქციული ჯგუფის პირველ სხდომაზე.

მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო საკითხებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მდიდარი გამოცდილება საარჩევნო საკითხებში და ის, რომ დღეს ეს პოლიტიკური ძალა არის ოპოზიციაში, ჯგუფის მუშაობისთვის სასარგებლო იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად ინტერფრაქციული ჯგუფი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა და მან საკუთარი მუშაობის შედეგები უნდა წარმოადგინოს 31 მაისამდე. ჯგუფში თითოეული ფრაქციიდან შევიდა 2-2 პარლამენტის წევრი და სულ 18 დეპუტატით დაკომპლექტდა. ასევე, ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს. დღეს ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს არასაპარლამენტო პარტიებიდან მამუკა კაციტაძემ, ლევან დუმბაძემ, პაატა დავითაიამ და სხვებმა.

ამასთან, ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომები იქნება საჯარო და გაიმართება ორ კვირაში ერთხელ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას დაესწრება ინტერფრაქციული ჯგუფის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით არანაკლებ ინტერფრაქციული ჯგუფის სრული შემადგენობით ერთი მესამედისა . ჯგუფს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს.