სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა

სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა , საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გრძელდება, შესაბამისად, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულად რჩება. 

"ჩვენ ვერ მოვიძიეთ იურიდიული მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თავიდან მოხდეს კენჭისყრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 4 მარტს მივიღეთ. საბჭოზე მყოფმა რვავე წევრმა თქვა, რომ ასეთი მექანიზმი რომც იყოს, ისინი საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ აპირებენ. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გრძელდება", - განაცხადა ლევან გახელაძემ.

მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

ამასთან, სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. როგორც ნინო ზაუტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების შეცვლასა და გადახედვაზე სამეურვეო საბჭოს არგუმენტი უსაფუძვლო იყო.

"სამეურვეო საბჭოს წევრმა მელაძემ, რომელიც ამბობს, რომ იურისტია, განაცხადა, არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების შეცვლას, ან მისი გადახედვას, რაც აბსურდია. მან ვერც ერთი შესაბამისი კანონი ვერ მოგვიყვანა, სადაც მსგავსი რამ ეწერება. შესაბამისად, კვლავ ვუცხადებთ უნდობლობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასადგენად", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, სამეურვეო საბჭის გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ სასამართლოში და ასევე პარლამენტს გაუგზავნიან ბოლო 2 სხდომის ოქმებსა, ვიდეო- აუდიო ჩანაწერებს.