დიმიტრი შაშკინი:  მზად ვარ, ნებისმიერი საგამოძიებო უწყების კითხვებს ვუპასუხო

დიმიტრი შაშკინი: მზად ვარ, ნებისმიერი საგამოძიებო უწყების კითხვებს ვუპასუხო

განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი მზადაა, მთავრობაში მისი საქმიანობის პერიოდთან დაკავშირებით ნებისმიერი საგამოძიებო უწყების შეკითხვას უპასუხოს. ამის შესახებ შაშკინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

"მე ვარ საქართველოს მოქალაქე, კონსტიტუციით მაქვს მოვალეობა, რომ გავცე ყველა შეკითხვას პასუხი. რა შეკითხვაც ექნება მედიას, საზოგადოებას, საგამოძიებო სამსახურს თუ ნებისმიერ სხვა უწყებას, მზად ვარ მათთან ვითანამშრომლო", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან არჩევნების შემდეგ საქართველოდან წასვლის და სამშობლოში დაბრუნების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

"საქართველოდან წავედი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მათ შორის იყო ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, რადგან არჩევნების შემდეგ შექმნილი ისტერიის ფონზე ჩემს უმცროს შვილს სახლთან მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო. ასევე, მიზეზებს შორის იყო ჩემი ჯანმრთელობის საკითხი და ასევე ადამიანური იმედგაცრუება, რომელიც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ახლდა თან. ჩამოსვლასაც აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, მათ შორის არის ის, რომ გასული 5 თვის განმავლობაში შექმნილი იმედგაცრუების მიუხედავად მივიჩნევ, რომ ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ აქ და მე მაქვს უფლება ვიცხოვრო საქართველოში", - აღნიშნა შაშკინმა.