გიორგი ვოლსკი:  19 აპრილის აქციას აზრი ეკარგება

გიორგი ვოლსკი: 19 აპრილის აქციას აზრი ეკარგება

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილისთვის დაგეგმილი აქცია , რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის დაცვის ეგიდით დაანონსდა, "აღარ არსებობს". 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი და მასში განსაზღვრული თეზისები აძლებს, რომლის თანაავტორი თავადაც არის.

ვოლსკი ხაზგასმით აცხადებს - საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ერთგულია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა, მაგრამ იმის გამო, რომ პასუხგაუცემელი კითხვები და უსაფუძვლო ბრალდებები აღარ დარჩენილიყო, მომზადდა დოკუმენტი, რომელიც თავდაპირველად "ნაციონალურ მოძრაობას" ინტერფრაქციული პროექტის ფორმით წარედგინა.
"ვფიქრობ, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთან მთელი ამ ხნის განმავლობაში დიალოგში სწორედ იმის გამო არ შემოვიდა, რომ ეს ვანო მერაბიშვილის სტრატეგიულ გეგმებში არ იჯდა. ამ თემაზე კოაბიტაცია მერაბიშვილის გეგემებში არ ზის, რადგან 19 აპრილის აქციას, რომელიც ისედაც თითიდან გამოწოვილი, ფიქტიური ლოზუნგით ეწყობა, საქართველოს პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ ყოველგვარი აზრი ეკარგება", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ვოლსკიმ.