ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის ბრალდებაზე სასამართლო არსებით განხილვას 20 მარტს დაიწყებს

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის ბრალდებაზე სასამართლო არსებით განხილვას 20 მარტს დაიწყებს

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის, გაგა გაჩეჩილაძის ბრალდებაზე სასამართლო არსებით განხილვას 20 მარტს დაიწყებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. დაცვის მხარე ბრალდების მტკიცებულებების კანონიერი გზით მოპოვებასთან დაკავშირებით პრეტენზიებს არ გამოთქვამს, თუმცა ყველა მათგანს სადაოდ ხდის.

ამასთან, ბრალდების მხარეც ეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობას, თუმცა ასევე რამდენიმეს სადაოდ ხდის, მათ შორის ბრალდებულ გაგა გაჩეჩილაძის დაკითხვასაც.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვისას გაგა გაჩეჩილაძე დაიკითხება.

ასევე, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ არ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გაჩეჩილაძემ დანაშაული ჩაიდინა. შუმადგომლობაზე სასამართლო არსებითი განხილვისას იმსჯელებს.

გაგა გაჩეჩილაძეს 2012 წლის 30 ოქტომბერს კაფე "გალერიში" მომხდარი ინციდენტის დროს ხულიგნობაში ედება ბრალი. იგი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.