"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებზე პოზიციას მაუწყებლის წარმომადგენლებიც დააფიქსირებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას პარლამენტში მაუწყებლის წარმომადგენლებიც დააფიქსირებენ. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომას მაუწყებლის 6 წარმომადგენელი ესწრება. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "მეორე არხის" გენერალურმა პროდიუსერმა, დოდო შონავამ აღნიშნა, მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები მაუწყებელში საჭირო ცვლილელებზე და ამ მიმართულებით კანონში შესატან ინიციატივებთან დაკავშირებით.

კერძოდ, დოდო შონავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყველა წევრმა გაიაროს მნიშვნელოვანი ფილტრი, რასაც ჰქვია არჩევითობა.

მისივე თქმით, ომბუდსმენს არ უნდა მიეცეს ბორდში ორი წევრის დანიშვნის შესაძლებობა. შონავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს საზოგადოების მონაწილეობა მაუწყებლის მართვაში, რაც კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი დღეს მსჯელობს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების ხელახლა ინიცირების საკითხზე. როგორც ცნობილია, პროექტი მომზადებულია საინიციატივო ჯგუფის სახელით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. შემდეგ ინიცირებისთვის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გადაეცა, თუმცა იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდა ხარვეზები და საკანონმდებლო პაკეტის სახით არ იყო წარმოდგენილი, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტს დაუბრუნდა.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, ხარვეზები გამოსწორებულია და საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება პარლამენტში ინიცირებული. საკითხის განხილვაში მონაწილეობენ თავად კანონპროექტის ავტორებიც.

ცნობისთვის, კანონპროექტით სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესი შემოდის; წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები. კანონპროექტით, ასევე, განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება.

ძირეულად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა. შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-მდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე გახდა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების და სერიოზული დებატების საგანი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობოთა საკანონმდებლო ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელის დაქვემდებარების და "ჯიბის ტელევიზიად" ქცევის მცდელობად აფასებს.