მაია ფანჯიკიძე - პრეზიდენტს ცხრა ელჩის დანიშვნის ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია

მაია ფანჯიკიძე - პრეზიდენტს ცხრა ელჩის დანიშვნის ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია

პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცხრა ელჩის კანდიდატურის დანიშვნის ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. 

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ელჩობის ცხრა კანდიდატი საგარეო უწყების წარდგინებით პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა. მისივე თქმით, პარლამენტში ამ კანდიდატებმა ყველა პროცედურა წარმატებით გაიარეს. კენჭისყრაზე მათ დიდი რაოდენობით ხმები მიიღეს, რაც, ფანჯიკიძის განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა მათ კანდიდატებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, პროცედურების მიხედვით, საბუთები ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა და პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ელჩების დანიშვნის ბრძანებას და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს პროცედურებს, რომ დროზე ჩავიდნენ ისინი თავიანთ ქვეყნებში.

"ზოგიერთ ქვეყანაში ელჩი არ გვყავს სექტემბრიდან, ზოგიერთ ქვეყანაში – ნოემბრიდან, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში იანვრიდან. ამ პროცედურებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს კიდევ სჭირდება გარკვეული პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, სადაც ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო სექტემბერში, თუკი ეს პროცედურები გაიჭიმება შესაძლოა ამ ქვეყანაში ელჩი მიმდინარე წლის სექტემბრამდე არ ჰყავდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, საფრანგეთში, გარდა იმისა, რომ არ ყავს ქვეყანას ელჩი, დესპანსაც შეუწყდა უფლებამოსილება და აქ მხოლოდ ორი დიპლომატია საელჩოში დარჩენილი.

"ჩემში გარკვეულ ეჭვს იწვევს ის, რომ თუკი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატივს სცემს პარლამენტს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მაშინ რა უდგას წინ იმას, რომ სწორედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებებს მოაწეროს ხელი. მან უარი არ თქვა მათ წარდგინებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კანდიდატურებს ეთანხმება, ამიტომ ჩემთვის ეს ხელოვნური გაჭიმვა პროცესის არის სრულიად გაუგებარი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა ვადები პრეზიდენტს იმისათვის, რომ მოაწეროს ხელი ბრზძანებულებებს, მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის პრეზიდენტის დსკრეცია, მას შეუძლია ხელი მოაწეროს დანიშვნის ბრძანებებს მეორე დღესვე, როგორც კი პარლამენტიდან დაუბრუნდება საბუთები და შეუძლია ეს არ გააკეთოს. "ის ამ უფლებით სარგებლობს", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.