ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტი სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტი სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტი სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს. დოკუმენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემუშავდა და
კომიტეტის ხელმძღვანელის, თედო ჯაფარიძის ავტორობით დაიწერა. უმრავლესობას მისი ინტერფრაქციული ფორმატით მიღება ჰქონდა დაგეგმილი. იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა მთელი ორი თვის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" დოკუმენტის სამუშაო ვარიანტზე შენიშვნები ვერ მიიღო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი რეზოლუციის სახით მიღება გადაწყდა.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებები აისახა და ის წინა პროექტისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამასთან, პროექტში დამატებითი ცვლილებები გუშინ საღამოსაც შევიდა, უმცირესობის ლიდერებთან, გიორგი ბარამიძესთან, გიგი წერეთელთან, დავით დარჩიაშვილთან და უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შედეგად.

კერძოდ, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში გაიზარდა პუნქტების რაოდენობა და ცალკე პუნქტებად გამოიყო ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნებთან ურთიერთობები. გაიშალა ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობის შესახებ პუნქტები. რეზოლუციის პროექტში, იმის პარალელურად, რომ ხაზგასმულია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების აბსოლუტური პრიორიტეტი, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველო არ გაერთიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან.

რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვარიანტში რიგი რედაქციული ხასიათის ცვლილებებიც აისახა.

გუშინდელ კონსულტაციებში უმრავლესობის მხრიდან მონაწილეობდნენ: ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი ვოლსკი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი. რეზილუციის პროექტს პარლამენტი დღის მეორე ნახევარში განიხილავს და კენჭს უყრის.