პარლამენტი ხვალ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი ხვალ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს. დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესასწავლად იქმნება. პარლამენტის შესაბამისი დადგენილების პროექტიც ხვალვე დადგება კენჭისყრაზე. 

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და მისმა ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მიმართა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კომიტეტის მიერ 21 თებერვალს ჩატარებულ სხდომას უკავშირდება, სადაც შპს-ების, "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის" გენერალური დირექტორების განცხადება განიხილეს, რომელიც ეროვნული კომისიის წევრების მხრიდან რიგ დარღვევებს ეხებოდა. კომიტეტის სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ როგორც კომუნიკაციების კომისიის წევრები, ასევე განმცხადებლები და კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე, დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევებზეც საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ აცნობა, პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნება და მისი შემადგენლობა 12 დეპუტატით განისაზღვრება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა უმცირესობის წარმომადგენლებს არ უნდა აღემატებოდეს.