გიორგი ვოლსკი - გონივრული შეთავაზებები

გიორგი ვოლსკი - გონივრული შეთავაზებები "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანებას იწვევს

ტერიტორიული მთლინობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ გონივრული შეთავაზებები "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანებას იწვევს.

აღნიშნული პოზიციას ვოლსკი საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით უმცირესობისთვის შეთავაზების შესახებ აფიქსირებს და უმრავლესობა-უმცირესობის წარმომადგენელთა შორის მიმდინარე დისკუსიებზე განმარტებებს აკეთებს.

"ორშაბათს, საექსპერტო საზოგადოებასთან, მათ შორის ჩვე უცხოელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ, ფაქტობრივად დავასრულეთ დოკუმენტზე მუშაობა. გულწრფელი სურვილი გვაქვს, რომ ინტერფრაქციულ შეთანხმებად იქცეს, მაგრამ უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ გონივრული შეთავაზება "ნაცმოძრაობის" გაღიზიანებას იწვევს. ამას მოწმობს ზოგიერთი უხეში კომენტარებიც, რომლებიც გუშინ გაისმა მასმედიაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, დასავლური ფასეულობების დამცველის როლის თამაში, სააკაშვილისათვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ მექნიზმად იქცა. ამაში, 25-26 თებერვალს ბრიუსელში გამართული ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის მორიგ შეხვედრაზე ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

სააკაშვილს სურს ისეთი სურათი შექმნას, თითქოს მის წინააღმდეგ სწორედ პროდასავლურობის გამო იბრძვიან, ის კი პრომეთეს შემართებით ბნელ ხალხში სინათლის შემოტანას ცდილობს.

ადამიანებმა, რომლთა ქმედებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, საქართველოს, ქართველის იმიჯს, რომელთა სინდისზეა არაერთი ოჯახის უბედურება, არ შეიძლება გამოხატავდნენ დასავლურ ფასეულობებს.

სწორედ აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი საფრთხე: არაპოპულარული ნაცმოძრაობა და მისი ცალკეული ორატორები ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის (ნატოს) და ევროკავშირის პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩართვით, საკუთარ თავთან აიგივებენ ამ სტრუქტურებს, რითიც ზარალს აყენებენ საზოგადოებაში მათ იმიჯს.

ევროპული და ევროატლანტიკური კურსი კოალიცია "ქართული ოცნების" არჩევანია და არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ვუზრუნველვყოთ ეროვნული უსაფრთხოების სიმტკიცე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს კარგადაა ასახული ჩვენს მიერ შეთავაზებული დოკუმენტის პროექტში, რომელიც მათ განსახილველად ჯერ კიდევ 18 იანვარს მივაწოდეთ. ამ პროექტში სწორედ ამ კურსის უცვლელობის მნიშვნელობაზეა საუბარი.

ნაცმოძრაობის განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტად იქცა ფორმულირება სადაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს, ევროკავშირისა და რუსეთის პოზიციების დაახლოების საჭიროებაზე. ძნელია, მაგრამ აუცილებელია. რაც მთვარია ამის გამოცდილება არსებობს. ეს პროცესი მიდიოდა აგვისტოს ომამდე.

სწორედ მაშინ, როდესაც პროცესებში დასავლეთის პოლიტიკურმა და ფინანსურმა მონაწილეობამ, რუსეთთან საერთო პოზიციების შეთანხმებებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ პროვოკაციებზე აყოლა ამჯობინა, ნაცვლად იმისა რომ დასავლეთის მხარდაჭერა დიალოგისა და სამშვიდობო პროცესის სასარგებლოდ გამოიყენებინა. ხშირ შემთხვევბში კი თავად იყო პროვოკაციების ავტორები, რაზედაც არაერთხელ მიუთითა გაეროს უშიშროების საბჭომ, მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ქვეყნების ლიდერებმა.

სწორედ ამ გამოცდილებით მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ამ გამოცდილებით გაიხსნა ბიზნეს-ცენტრი ცხინვალში, მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებზე, ამ გამოცდილებით შეიქმნა მოლაპარაკებების ფორმატები აფხაზებთან და ოსებთან, ერთობლივი ეკონომიკური საბჭოები, ამ გამოცდილებით მოხდა პროცესების ინტერნაციონალიზაცია, ჩატარდა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციები.

მაგალითისათვის დღეს გთავაზობთ მხოლოდ მცირე ამონაწერს აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლისა და იმჟამად აშშ-ში ჩვენი ელჩის 2006 წლის 1 ივლისის საუბრის ჩანაწერიდან, რომელიც ჩემი მოთხოვნით მომაწოდა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვციტირებ: "აშშ და მეგობართა ჯგუფი სწორედ ასეთ მიდგომას უჭერენ მხარს და თუკი საქართველო გააგრძელებს კონფრონტაციულ კურსს იგი დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას". ასეც მოხდა, ვისაც არ გჯერათ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ იმჟამინდელი ამერიკელი მაღალჩინოსნების ჩანაწერები, გაეროს დოკუმენტები.

ნაცმოძრაობის საგარეო პოლიტიკური კურსის არსი ასეთია: მოჩვენებითი პროდასავლურობა, საკუთარი ქვეყნის საზოგადოების და მთავრობის დისკრედიტაცია და ამ მეთოდით ძალაუფლებაში დაბრუნების შანსის შენარჩუნება. აკი ამ სათაურით დაანონსდა 19 აპრილის აქციაც. ვფიქრობ წარუმატებელი მცდელობაა და სჯობს კონსტრუქციული მსჯელობის საგნად ვაქციოთ დოკუმენტი, რომელიც თითქმის ორი თვეა უდევთ მაგიდაზე, არადა არც ის იქნება ურიგო თუკი ამ დოკუმენტს პარლამენტის რეზოლუციად ვაქცევთ და კენჭსაც ვუყრით. შექმნილ ვითარებაში შესაძლოა ეს ვარიანტი უკეთესიც კი იყოს", – აცხადებს გიორგი ვოლსკი.