ირაკლი სესიაშვილი::  ბაჩო ახალაიასგან იარაღი აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურსაც ერგოთ

ირაკლი სესიაშვილი:: ბაჩო ახალაიასგან იარაღი აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურსაც ერგოთ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული. 

როგორც დღევანდელ სესიაზე სესიაშვილმა განაცხადა, ახალაიასგან იარაღი საჩუქრად უმცირესობის ამჟამინდელ წევრებს, აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურსაც ერგოთ.

"ამ იარაღის ჯილდოდ გადაცემასაც თავისი წესი აქვს და ის სამსახურებრივ საშტატო იარაღს წარმოადგენს. ამ სიაში ასევე მოხვდნენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი პროგრამა "შაბათის შოუს" მსახიობები, მომღერლები, რაც ასევე დასაფიქრებულია", - განაცხადა სესიაშვილმა.

გარდა ამისა, სესიაშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ 440 000 ლარი გადაიხადა "მინი-ვენში", რომელშიც არის "პლეისთეიშენის" გასართობი მოწყობილობა დამონტაჟებული.
ამასთან, სესიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებაში 2009 წლის სექტემბრიდან და 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 41 მილიონი ლარის პრემიაა დარიგებული, რომლის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნებმა მიიღეს.

"2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით დაახლოებით 41 მილიონი იქნა ჩამორიგებული პრემიების სახით, რომლებსაც ძირითადად მინისტრები, მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები იღებდნენ. მხოლოდ გამონაკლისი ჯარისკაცებისთვის იყო დარიგებული პრემიები. გაერთიანებული შტაბის უფროსმა აიღო სამი წლის განმავლობში 267 000, მისმა მოადგილემ გიორგი კალანდაძემ კი 200 000. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი გენერალიტეტმა პრემია აიღოს, მაგრამ როდესაც ხედავ გაუსაძლის პირობებს და საფრთხეს, რომ ეს შენობები ჩამოინგრეს და ამ დროს ამხელა პრემიებს იღებ – ეს არის უპასუხისმგებლობა. 2012 წლის 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე, როდესაც ხელისუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო, სასწრაფო წესით 738 000 ლარი იქნა პრემიების სახით ჩამორიგებული, მათ შორის მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ 12 500 ლარი აიღო, გენერალური ინსპექციის უფროსმა – 15 000. თქვენს მიერ დამოუკიდებელ ექსპერტად წოდებულმა სვიმონ მასხარაშვილმა კი პრემიის სახით ერთი წლის განმავლობაში 40 000 ლარი აიღო", - განაცხადა სესიაშვილმა.