საბავშვო ბაღებში გადასახადის ამკრძალავი კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

საბავშვო ბაღებში გადასახადის ამკრძალავი კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რაიმე ტიპის გადასახადის შემოღების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით – 89 ხმით, 1-ის წიინააღმდეგ დაამტკიცა. 

დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებების ასახვას "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონებში.

პროექტის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება.

აღნიშნულ ორ კანონში პირდაპირ იწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახულებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.

პროექტის თანახმად, საბავშვო ბაღებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო დაამტკიცებს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონებითვე განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები: ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქმნება და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9, 10 ან 12-საათიანი, ორი დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში; უნდა ახორცილებდნენ საგანმანათლებლო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. თავის მხრივ პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიმართული უნდა იყოს გონებრივი და ფიზიკური განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფისკენ.

ასევე, კანონში ჩაიწერება, რომ ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და ექიმის მომსახურებით.

საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.