სასამართლო პროცესების გადაღებაზე კანონი მესამე მოსმენით დამტკიცდა

სასამართლო პროცესების გადაღებაზე კანონი მესამე მოსმენით დამტკიცდა

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება "სასამართლოების შესახებ კანონით" ხდება დასაშვები, პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 

როგორც ცნობილია, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში, პარლამენტმა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის სავალდებულო უზრუნველყოფის ნორმაც ჩაიდო. აღნიშნული წინადადებით პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა და მხარი დაუჭირა. ამასთან, როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, იქმნებოდა საკანონმდებლო კოლიზია, რადგან ზემდგომი ორგანული კანონი – "საერთო სასამართლოების შესახებ" გადაღებების შესაძლებლობას კვლავ ზღუდავდა.

მაშინ კოლეგები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული კანონის ამ მიმართულებით კორექტირება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მოხდებოდა.

პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი დეპუტატების ვახტანგ ხმალაძისა და ლევან ბეჟაშვილის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო გადაღებების დაშვება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით ხდება დასაშვები. კანონპროექტით, აღნიშნული უფლება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული განჩინების საფუძველზე შეიზღუდოს.

მიღებული ცვლილებები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.