მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ავტორები პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ავტორები პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის ავტორები ხვალ პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ. 

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები კანონპროექტის ინიციატორებსა და კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმოამდგენლებს ხვალ პარლამენტში შეხვდებიან. მისი თქმით, შეხვედრისას მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს დეტალურად განიხილავენ, "როგორც სიტუაციის გამოსწორების მექანიზმს".

ქორიძის განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით იყო მცირე ხარვეზი, რომელიც უკვე გამოსწორებულია. ამასთან, მედიაექსპერტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, რომ სიტუაცია შეიცვალოს და რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღოს. ქორიძის თქმით, კიდევ ერთხელ წაყრუება საზოგადოებას დიდი ხნით დააშორებს ნორმალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცისგან.

"რას ნიშნავს, საზოგადოებრივმა მაწუყებელმა საზოგადოებას დაუმალოს ის, რომ თურმე იქ არის შიგნით პრობლემები. საზოგადოებრივი მაუწყებელი, ზუსტად ისეთივე საჯარო დაწესებულებაა, როგორც ნებისმიერი სხვა საჯარო უწყება ქვეყანაში. საზოგადოება არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ინფორმაცია, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში", - განმარტა ქორიძემ და დასძინა რომ ეს არის ტელევიზია, რომელიც პრაქტიკულად არ ელაპარაკება საზოგადოებას.