კობა დავითაშვილი ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართავს

კობა დავითაშვილი ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ორი კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. როგორც დავითაშვილმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა, პირველი მოთხოვნა ეხება იმას, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი არ უნდა იყოს შეჩერებული და მეორე მოთხოვნა კი ეხება იმას, რომ მთავრობამ გადასინჯოს საკუთარი პოზიცია ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის კანონთან დაკავშირებით. 

"მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ მესმის, რატომ ფერხდება სასამართლო რეფორმა ქვეყანაში, რომელშიც საზოგადოების მთავარი მოთხოვნა არის მართლმსაჯულების აღსრულება. რატომ არის შეჩერებული საერთო სასამართლოების შესანიშნავი კანონი, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ და ამისთვის მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს. არ არის ამაზე უკეთესი გამოსავალი, რომ არ შევლახოთ სასამართლოების დამოუკიდებლობა და იმავდროულად გაგვეთავისუფლებინა სასამართლოები პოლიტიკური ზეწოლისგან.

მე არ მესმის მოტივი ამ კანონპროექტის შეჩერების. ძალიან დიდ პატივს ვცემ ვენეციის კომისიას, მაგრამ ის არის საკონსულტაციო საკოორდინაციო ორგანო და ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულები ვართ, ჩვენ აღვასრულოთ ქართველი ხალხის ნება, რომელიც გვეუბნება ძალიან მარტივ რამეს, რომ თუ არ იქნება მართლმსაჯულება, არ იქნება მშვიდობა. მოვითხოვ კატეგორიულად გაგრძელდეს სასამართლო რეფორმაზე მუშაობა და დღის წესრიგში შევიდეს ეს კანონი და დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ასევე მოვითხოვ, რომ საქართველოს მთავრობამ გადასინჯოს საკუთარი პოზიცია ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის კანონთან დაკავშირებით, რომელიც სავალდებულოს ხდის ყოფითი თუ მოქმედი თანამდებობის პირებისთვის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს და ეს არ უნდა იყოს ბრალდებულის ნება-სურვილზე", - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა განაცხადა, რომ, ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი.

"შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში ნამდვილად არის. ნაწილს ჩვენი საზოგადოების ჰყავს გავლენიანი მფარველები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება დაუკავშირეს ავტორიტარული რეჟიმის გათეთრებას და ისინი თავს იცავენ", - აღნიშნა დავითაშვილმა.