შემოსავლების სამსახური მაღაზიების დალუქვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შემოსავლების სამსახური მაღაზიების დალუქვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შემოსავლების სამსახური ზუგდიდში მაღაზიების დალუქვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურს ზუგდიდში არც ერთი მაღაზია არ დაულუქავს.

"შემოსავლების სამსახური, კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, არ დაუშვებს ბიზნესის შეფერხებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს, ზუგდიდში, სამუშაო საათებში არც ერთი მაღაზია არ დაულუქავს. ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ გამოცემული, ორი ბრძანების საფუძველზე, ინდმეწარმე "დავით ჭითანავა"-ს და ინდმეწარმე "ციცა კუხალეიშვილი"-ს ობიექტები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნით, მხოლოდ არასამუშაო დროს, რამდენიმე საათით (ღამის საათებში) დაილუქა. დილიდან ობიექტები გაიხსნა და გადამხდელებს სამუშაო პროცესში ხელი არ შეშლიათ.

რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. "შესამოწმებელთა სიის" შესახებ, ასეთი სია არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი ინვენტარიზაციას, რისკების პროგრამის მიხედვით, მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს. რისკების დამუშავება და ანალიზი თითოეული გადამხდელის მიმართ, ინდივიდუალურად ხორციელდება და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანებაც, ინდივიდუალურად იწერება და ბარდება გადამხდელს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინდმეწარმეებმა საპროტესტო აქცია ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი საგადასახადო სამსახურის მიერ მაღაზიების დალუქვას აპროტესტებენ.

როგორც ინდმეწარმეები აცხადებენ, ზუგდიდში საგადასახადო სამსახურმა უკანონოდ დალუქა 10-მდე მაღაზია და მათი რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეწყდეს ობიექტების დალუქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.