ცხინვალი აპირებს,

ცხინვალი აპირებს, "საქართველოს მიერ განხორციელებულ აგრესიას" სამართლებრივი შეფასება მისცეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს კომისია, რომელიც პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას მისცემს "2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიერ განხორციელებულ აგრესიას". 

როგორც ოსური მედია წერს, კომისიაში შევიდა 20 ადამიანი. მათ შორის არიან: ეწ. პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები; კომისიას ხელმძღვანელობს ე.წ. პარლამენტის სპიკერი, სტანისლავ კოჩიევი, ხოლო კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილეა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბორის ჩოჩიევი.
კომისიის წევრებმა დასკვნა ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინონ. "გარდა ამისა, კომისია აპირებს არა მარტო განიხილოს და შეფასება მისცეს 2008 წლის მოვლენებს, არამედ აპირებს გამოიძიოს საქართველოს მიერ განხორციელებული 2004 წლის აგრესია და ამ აგრესიებს შორის პერიოდი. ე.წ. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში ქართველი ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებდნენ პროვოკაციებს, ტერორისტულ აქტებს, დივერსიებს, მკვლელობებს და იტაცებდნენ ადამიანებს", - წერს ოსური მედია.

როგორც ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, სტანისლავ კოჩიევმა განაცხადა, საქართველოს ქმედებების შეფასების შემდეგ მოხდება "რიგი კანონების მიღება ქართული ფაშიზმის საწინააღმდეგოდ".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ე.წ. პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს წერილითაც მიმართა, სადაც ქართული მხარის ქმედებების პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას ითხოვდა.