ირაკლი ღარიბაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გახსნეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ს ელჩსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გახსნა. 

ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურომ დააფინანსა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის საელჩოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას სტრუქტურული ცვლილებების გარდა წარმოადგენს 2013 წლის მოკლევადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

"ეს სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა სფეროებს - ადამიანის უფლებების დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზღვრის დაცვის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვისა და მიგრაციის საკითხებს, რადგან სასაზღვრო ზოლში უკანონო ქმედებების პრევენცია, დადგენა და აღკვეთა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, სასწავლო შენობით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის თანამშრომლებიც ისარგებლებენ.

იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიურომ მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა.

როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, გლობალიზაციის ხანაში საზღვრებს ორმაგი დანიშნულება აქვს.

"პირველ რიგში მათი დანიშნულებაა, უზრუნველყონ ტურისტებისა და მეწარმეების სწრაფი გატარება. თუმცა, საზღვარი არის ბარიერიც, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს ნარკოტიკების გატარებას, ტრეფიკინგს, ტერორიზმსა და სხვა საფრთხეებს. მსოფლიო სტანდარტების ეს შენობა საშუალებას მისცემს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, გაიარონ უკეთესი წვრთნა, რათა განახორციელონ თავიანთი საპასუხისმგებლო საქმიანობა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნასთან ერთად დაიწყო აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - "საზღვრის კონტროლის მართვა", რომელსაც ამერიკელი ექსპოერტები უძღვებიან. ტრენინგი, რომელშიც შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, საპტრულო პოლიციის, სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ, 15 მარტს დასრულდება.