საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია ლაოსში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია ლაოსში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ვიენტიანს ეწვია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ალმაატის სამოქმედო პროგრამით გათვალისწინებულ საერთაშორისო კონფერენციაში.

დავით ჯალაღანია ასევე დაესწრო კონფერენციის პლენარული სესიის დროს გამართულ მაღალი დონის დისკუსიას. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ეკონომიკური განვითარების საქმეში, ასევე ტრანზიტის კუთხით სამხრეთ კავკასიის რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის როლს როგორც რეგიონის, ასევე გლობალური მასშტაბით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან თონგლოუნ სისოულითთან და საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან ალოუნკეო კიტიქოუნთან.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა და ამ მიზნით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების, ორმხრივი ვიზიტების გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და ლაოსს შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოს დელეგაციამ მიულოცა ლაოსის მხარეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ლაოსის გაწევრიანება, ასევე მადლობა გადაუხადა ლაოსის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.