დავით უსუფაშვილმა კოლეგებს პარლამენტის აპარატისადმი კრიტიკის გამო უსაყვედურა

დავით უსუფაშვილმა კოლეგებს პარლამენტის აპარატისადმი კრიტიკის გამო უსაყვედურა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოლეგებს პარლამენტის აპარატისადმი კრიტიკის გამო უსაყვედურა და მოუწოდა, მნიშვნელოვან საკითხებს საქმიანად მოეკიდონ. 

როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, განცხადება, თითქოს პარლამენტის აპარატმა პროცედურული ომი გამოაცხადა, უსაფუძვლო საყვედურია. უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპარატი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს.

"სანამ ასეთ საჯარო ბრალდებას გამოთქვამთ, უნდა გაეცნოთ ვითარებას. უსაფუძვლო საყვედურებს ვერ მივიღებ და გთხოვთ, ამ მიმართულებით საქმიანად მოეკიდოთ მნიშვნელოვან საკითხებს", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადების ადრესატი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, მისი ეს შენიშვნა დეპუტატ ელისო ჩაფიძისადმი იყო მიმართული.

საქმე იმაშია, რომ ჩაფიძემ საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის უკან გაწვევა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ "საპროცედურო ომის გამოცხადებით" ახსნა.

როგორც დეპუტატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საპროცედურო ომი აპარატის "ნაციონალურმა ნაწილმა" გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა ბიუროს გადაწყვეტილებით მოხდა, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რადგან კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის სახით საჭიროებდა წარმოდგენას, რაც ავტორებს გაკეთებული არ ჰქონდათ და ამ მიმართულებით იურიდიულ ხარვეზებს შეიცავდა.