პარლამენტმა საგარეო კურსთან დაკავშირებით დოკუმენტი შესაძლოა, რეზოლუციის სახით მიიღოს

პარლამენტმა საგარეო კურსთან დაკავშირებით დოკუმენტი შესაძლოა, რეზოლუციის სახით მიიღოს

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით თედო ჯაფარიძის ავტორობით მომზადებული დოკუმენტი პარლამენტმა შესაძლოა, რეზოლუციის სახით მიიღოს. 

როგორც პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უმრავლესობა და უმცირესობა ვერ შეთანხმდებიან და დოკუმენტი ინტერფრაქციული არ იქნება.

დღეს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პარლამენტი ინტერფრაქციულ დოკუმენტს გააფორმებს, თუ რეზოლუციას მიიღებს.

თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პარლამენტი დოკუმენტს რეზოლუციის სახით, სავარაუდოდ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობას მიმართავს, შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები და შენიშვნები უმრავლესობას მიაწოდოს და ამ თემაზე დღეს დღის განმავლობაში კონსულტაციების გაიმართოს.

მისი თქმით, უმცირესობას დოკუმენტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გარდა, გადაეგზავნა ასევე მისი შესწორებული ვარიანტიც. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პროექტი გადამუშავდა და ბოლო პერიოდში პროგრესი განიცადა.