დევნილთა სამინისტრომ დევნილთა განსახლების კრიტერიუმების პრეზენტაცია გამართა

დევნილთა სამინისტრომ დევნილთა განსახლების კრიტერიუმების პრეზენტაცია გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცაციამ დღეს დევნილთა განსახლების კრიტერიუმების პრეზენტაცია გამართა. 

მინისტრმა დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოების წარმომადგენლებს ის დოკუმენტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მოხდება დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება. ფაცაციას თქმით, დღემდე სამისიტროს მსგავსი კრიტერიუმები არ ჰქონდა.

"კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა, რომელიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისავის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი სახლები და ბინები", - აცხადებს ფაცაცია.

მისივე განცხადებით, მაღალი ქულებით შეფასდება კომპაქტურად განსახლების იმ ობიექტებში მცხოვრები დევნილები, რომელი შენობებიც ავარიულია, საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართად. გრძელვადიანი განსახლების შეთავაზებისას მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებებს, სულადობას.

როგორც გოგი ფაცაციამ აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი არის გარანტია იმისა, რომ საცხოვრებელი ფართის განაწილება მოხდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.

"როდესაც ბინების განაწილება კრიტერიუმების შესაბამსიად მოხდება, სამართლიანობა და ობიექტურობა გარანტირებული იქნება, გამოირიცხება ყოველგვარი პერსონალური ან სხვა მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ახლდა ბინების განაწილებას წინა პერიოდში. ყველას ეცოდინება, ვინ რატომ მიიღო სხვაზე ადრე ბინა და უსამართლობის განცდა აღარ იქნება", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ფაცაციას ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს პარტნიორები, დანიის ლტოლვილთა საბჭო, გაერო-ს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საკითხებში, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.