ოლეგ მელნიკოვის ადვოკატი არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ოლეგ მელნიკოვის ადვოკატი არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ოლეგ მელნიკოვმა უკრაინაში თავშესაფარი დაკავებისთანავე ითხოვა, თუმცა ახლა თანახმაა, უკრაინიდან საქართველოში გადმოიყვანონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში დაკავებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, რომელიც მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კერძოდ, მთავარმა პროკურორმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში მელნიკოვის ექსტრადიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

"მელნიკოვი უკრაინაშია და ველოდებით შიდა სამართლებრივი პროცედურების გავლას. როგორც ვიცით, მან შეიტანა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით და, ვიდრე ეს პროცედურები არ დასრულდება, ექსტრადიციის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული",-განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კიევში უკრაინის სამმართალდამცავმა ორგანოებმა საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ მელნიკოვი გასული წლის დეკემბერში დააკავეს.

მელნიკოვი იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს მოხელი ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2005 წლის იანვარში ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო პოლიციელების ცემის ფაქტს.
ამასთან, მელნიკოვი ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის საქმეშიც.

საქართველოში მთავარი პროკურატურა მელნიკოვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს.