უგო ჩავესი გარდაიცვალა

უგო ჩავესი გარდაიცვალა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა . 58 წლის უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტი 1999 წლიდან იყო.

"ფრანს-პრესის" ინფორმაციით, ნიკოლას მადურომ, მოსახლეობის დაცვისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, და პოლიციური ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრმა დიეგო მოლერომ განაცხადა, რომ ბოლივარის რევოლუციური ძალები ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას დაიცავენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ელიას ხაუას თქმით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ვითარება აბსოლუტურად ნორმალურია.

პრეზიდენტი ჩავესი გუშინ, ადგილობრივი დროით 16.25 საათზე გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, რომელიც 2011 წელს დაუდგინდა.
გარდაცვალებანდე ცოტა ხნით ადრე ჩავესი ჰავანიდან კარაკასში გადაიტვანეს. ჰავანაში იგი ბოლო ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა.

პრეზიდენტის გარდაცვალება ვენესუელელ ხალხს უკვე მიუსამძიმრეს ურუგვაის, არგენტინის პრეზიდენტებმა, კუბის სახელმწიფო საბჭომ და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა.
აშშ-სა და სხვა ქვეყნების ლიდერები ჩავესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებული იყვნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ჩავესის გარდაცვალების შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული იქნება.

ამასთან, ვენესუელამ უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა