თეა წულუკიანი:  მე მაქვს იურისტის დიპლომი

თეა წულუკიანი: მე მაქვს იურისტის დიპლომი

მე მაქვს იურისტის დიპლომი, უმაღლესი იურიდიული განათლება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა. 

მისივე განმარტებით, მისი დიპლომის თემა, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე რადიკალმა იმიტომ წამოსწია, რომ ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ბრიუსელში მისი ვიზიტები იყო მნიშვნელოვანი.

"იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტები ჩვენთვის, ახალი მთავრობისა და დასავლელი პარტნორებისთვის, რომ ვინანე, მანამდე რატომ არ ჩავედი და არ დავიცავი ის სიმართლე, რასაც ემსახურება მთავარი პროკურორი, პროკურატურა და იქ მომუშავე პროკურორები. ამასთან, მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რისი ავტორიცაა იუსტიციის სამინისტრო და ეს მათთვის აღმოჩნდა შთამბეჭდავი. ის რეფორმები, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, შეფასდა ხარისხიან და სერიოზულ რეფორმებად", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ქვეყნის ახალი ხელისუფლების შესახებ ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონგრესის ცრუ ინფორმაციების მიწოდებაში დაადანაშაულა.

"ცრუ ინფორმაციები იყო გავრცელებული არასამთავრობო სექტორში და კონგრესში, ამას ალბათ მოემსახურა აწ უკვე ყოფილი ელჩი, თუმცა თავად ის ამას უარყოფს. ვისი ქმედებაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება", - აღნიშნა წულუკიანმა, რომლის განმარტებითაც, საუბარია იმაზე, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება ქვეყანას ექაჩება უკან, რომ უარს ამბობს დასავლურ ორიენტაციაზე და ა.შ.

"აქცენტებში" წულუკიანმა დასძინა, რომ მის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გადაცემის მსვლელობისას ვრცლად ისაუბრებს.