ბიძინა ივანიშვილი:  თეატრებში სპექტაკლებსაც კი სააკაშვილი გეგმავდა

ბიძინა ივანიშვილი: თეატრებში სპექტაკლებსაც კი სააკაშვილი გეგმავდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბიზნესთან დაკავშირებით ბრალდებებს უყენებს . 

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტის დავალებით ადეიშვილი, უგულავა და მერაბიშვილი ბიზნესმენებს დევნიდნენ, მათთვის სასურველებს კი მონოპოლიებს აბარებდნენ.

"სააკაშვილმა ნახა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა იმის გაგება, რომ მთავრობა არის დაქირავებული. საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს. სააკაშვილის პერიოდში აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო ხალხი მთავრობას და მთავრობის წევრები აბსოლუტურად პრივილეგირებულნი იყვნენ. პოლიტიკური ისტებლიშმენტიც დააბალანსა ისე, როგორც მას სურდა, შექმნა ფსევდოოპოზიციური პარტიები. 3 თუ 4 იყო ასეთი პარტია და სააკაშვილი წყვეტდა ვინ უნდა ყოფილიყო ოპოზიციაში. სააკაშვილმა დაიწყო ბიზნესების დაკომპლექტებაც. შექმნა მონოპოლიები და იმ ბიზნესმენებს მისცა ყველა უფლება, ვისაც სააკაშვილი ირჩევდა. ვინც იყო გამოუყენებადი და მიუღებელი სააკაშვილისთვის, მათი ბიზნესები დაამსხვრია, უამრავი ბიზნესმენი გაიქცა და ბევრი დაიჭირა. ამას ის რამდენიმე კაცის დახმარებით აკეთებდა. ეს გახლდათ ადეიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თეატრებში სპექტაკლებსაც სააკაშვილი გეგმავდა, მომღერლებსაც სააკაშვილი ირჩევდა და ის განსაზღვრავდა ვინ იყო კარგი მომღერალი. "ყველაფერს ის აკეთებდა და საზოგადოებას არაფერს ეკითხებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.