ბიძინა ივანიშვილი:  არ მინდა სააკაშვილი და მისი გუნდი პროცესებს მიღმა დარჩეს

ბიძინა ივანიშვილი: არ მინდა სააკაშვილი და მისი გუნდი პროცესებს მიღმა დარჩეს

მიხეილ სააკაშვილთან ჩემი მოლაპარაკება უკავშირდება მისი და მისი თანაგუნდელების საზოგადოებაში დარჩენას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. მისივე თქმით, მას არ უნდა სააკაშვილი დარჩეს პროცესებს მიღმა. 

"მიხეილ სააკაშვილთან ჩემი მოლაპარაკება უკავშირდება იმას, რომ უმცირესობის არც ერთი წევრი არ დარჩეს საზოგადოების მიღმა. მე ყველა ქართველი მიყვარს. მე არ მინდა სააკაშვილიც დარჩეს პროცესებს მიღმა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გაემიჯნოს საზოგადოებას. მინდა საზოგადოების წევრად დარჩეს იგივე გიორგი ვაშაძე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩვენს შორის ჯანსაღი პოლემიკა შედგა. არ გეგონოთ, რომ ვაშაძის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია მქონდეს. სიმპათია არ მაქვს განსაკუთრებული არც ერთ მათგანზე, მაგრამ არც ანთიპათია მაქვს არც ერთზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ რაც შეიძლება ლმობიერი იყოს წინა ხელისუფლების მიმართ. "მე მათ ყოველთვის ვეუბნები, უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაცეები შეეშალათ, რაღაცეები ისე არ გამოუვიდათ, როგორც თავად უნდოდათ. ყოფილმა ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ის რიტორიკა, რომელსაც ახლა იყენებს და ჩაქრება ის მუხტი, რაც ახლა არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.