დავით სერგეენკო ბათუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სერგეენკო ბათუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა . მინისტრმა რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აჭარის სამედიცინო საზოგადოება კარგად არის გათვითცნობიერებული ახალი პროგრამის დეტალებში.

"აჭარაში პირველი შეხვედრა იყო. დაგეგმილია რამდენიმე კლინიკის ნახვა და ახალი პროექტების მონიტორინგი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის სამედიცინო საზოგადოება კარგად არის გათვითცნობიერებული ახალი პროგრამის დეტალებში. პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, რის გამოც მოხარული ვარ", - აღნიშნა სერგეენკომ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მიმდინარე წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. ახალი სადაზღვევო პაკეტი ქვეყნის მასშტაბით სადაზღვევო მომსახურების არმქონე 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაზღვევას ითვალისწინებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს. პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს.