დავით სერგეენკო დღეს ფოთს სტუმრობდა

დავით სერგეენკო დღეს ფოთს სტუმრობდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ფოთს სტუმრობდა. მინისტრი, ფოთის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოს ეწვია .

საავადმყოფოს მედპერსონალი მინისტრს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელსაც ისინი მუშაობის დროს აწყდებიან. უმთავრეს პრობლემას კი, მათი თქმით, პაციენტების დაბალი მიმართვიანობა წარმოადგენს, რაც მედპერსონალის აზრით, გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობისა და კადრების არარსებობით აიხსნება.

"პრობლემები, რომელიც მოვისმინე, შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით, საქმის კურსში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, გადაუჭრელის კატეგორიაში ვერც ერთ პრობლემას ვერ გადავიტან. ეს ყველაფერი შესრულებადია, რადგან ამ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს კარგი დატვირთვა და უზრუნველყოს კარგი ხარისხის მომსახურება. ჩვენ ვითანმშრომლებთ მმართველ კომპანიასთან ამ პრობლემების გადასაჭრელად, ისევე, როგორც დაწესებულებასთან", - აღნიშნა სერგეენკომ.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით კი, პრობლემების ნაწილი საავადმყოფოს მენეჯმენტს უკავშირდება. "ეს არის საავადმყოფო, რომელიც ინფრასტრუქტურით არის გამართული, მაგრამ ძალიან ცოტა პაციენტი აკითხავს და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მენეჯმენტის თვალსაზრისით. ამიტომ, რა პრობლემებზეც ექიმები მინისტრთან საუბრობდნენ, არის ძალიან საყურადღებო და ამას ჭირდება უსწრაფესად გადაწყვეტა. მთლიანობაში, მონოპოლიები, რომლებიც შეიქმნა ჯანდაცვის სისტემაში, რომელსაც ებრძვის ჩვენი ხელისუფლება და ახალი მინისტრის ძალიან კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, იმედი მაქვს, რომ მოკლე დროში მოაგვარებს ამ პრობლემებს და როგორც ექიმები, ისე მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ფოთში, იგრძნობს, რომ არ შეიძლება მონოპოლიზებული იყოს ის", - აღნიშნა ბესელიამ.

მინისტრი საავადმყოფოს თანამშრომლებთან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მუშაობითაც დაინტერესდა და ინფორმაცია პირადად ექიმებისგან მიიღო.